მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დაუდგენელი პირის მიერ ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბესო ბუზალაძეა მოკლული.
გარდაცვლილი წუხელ ტყეში მოკლული იპოვეს. დუშეთის გამგებლის, ბესო ვარდიშვილის ინფორმაციით, ბუზალაძის ცხედარი თბილისში ექსპერტიზისთვის უკვე გადაასვენეს.
„მკვლელობა მოხდა წუხელ, პირველ საათზე. ბუზალაძე, მკვლელობიდან დაახლოებით ნახევარ საათში, ტყეში იპოვეს", - განაცხადა ბესო ვარდიშვილმა.
აღნიშნულთანა დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადება უკვე გაავრცელა.
შსს-ს განმარტებით, ეჭვმიტანილი - დუშეთში მცხოვრები ზურაბ ბადაგაძე, რომელიც პოლიციაში თავისი ნებით გამოცხადდა.
„ჟინვალის რწმუნებულის, ბესიკ ბუზალაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) არის აღძრული. გუშინ, 23:55 საათზე, პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა დუშეთში მცხოვრები ზურაბ შოთას ძე ბადაგაძე, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ ბუზალაძე შელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი, არარეგისტრირებული ნაგანის სისტემის იარაღით მოკლა. ბადაგაძის განცხადებით, მკვლელობის იარაღი მან მდინარეში გადააგდო. ბუზალაძე პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ბიჩნიგაურში გუშინ გარდაცვლილი იპოვეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბესო ბუზალაძე 42 წლის იყო. მომხდარის შესახებ ოჯახის წევრები ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.