ბერა ივანიშვილის  შემდეგი კონცერტი 29 აგვისტოს ოზურგეთში ჩატარდება

ბერა ივანიშვილის შემდეგი კონცერტი 29 აგვისტოს ოზურგეთში ჩატარდება

საჩხერისა და ბათუმის შემდეგ, ბერა ივანიშვილის სოლო კონცერტს ოზურგეთი 29 აგვისტოს უმასპინძლებს.

კონცერტის გამართვის ზუსტი ადგილი ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კონცერტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრში არ გაიმართება, რადგან ოზურგეთის გამგეობამ მომღერალს მუნიციპალიტეტის ცენტრში კონცერტის ჩატარებაზე უარი განუცხადა და საკონცერტოდ ალტერნეტიული ფართები შესთავაზა.

ამის პარალელურად,  ხელისუფლებამ აქტიურად ემზადება 29 აგვისტოს ოზურგეთიდან ახალგაზრდობის გასაყვანად, როგორც „გურია ნიუსი“ იუწყება 29 აგვისტოს ათეულობით მიკროავტობუსი ანაკლიაში გაემგზავრება. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მიკროავტობუსის მძღოლებმა დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ გამგეობამ მგზავრობისთვის საჭირო თანხები უკვე გადარიცხა. „როგორც გავარკვიეთ, ანაკლიის აკვაპარკი 29 აგვისტოს, ოზურგეთელებისთვის უფასო იქნება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით ბერას მაყურებელს წაართმევს და ისე, როგორც „შინის“ კონცერტისას, ივანიშვილს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ამარა დატოვებს“.

ბერას  საკონცერტო ტურნე სახელწოდებით „გპირდები“ რეპერის მშობლიურ მხარეში საჩხერეში დაიწყო. ტურნე ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ბერა კონცერტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამართავს. ძველ სიმღერებთან ერთად მომღერალი ახალ ჰიტებსაც შეასრულებს.