რუსთავის მერის თანამდებობაზე ზაქარია დარჩიაშვილი ლაშა მინდელმა ჩაანაცვლა.
ახალი მერი ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ქალაქის საკრებულოსა და მერიის სამსახურების წინაშე დღეს ოფიციალურად წარადგინა.
როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, რუსთავის ყოფილი მერი ზაქარია დარჩიაშვილი გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტს დაიკავებს და აღნიშნა, რომ ის ამ თანამდებობაზე რუსთავის მერად დანიშვნამდე მუშაობდა.
ლაშა მინდელის განცხადებით, ის რუსთაველია და კარგად იცნობს თითოეული რუსთაველის პრობლემას.
„მთავარი პრიორიტეტი იქნება უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა, წარმოება-დაწესებულებების ამუშავება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“, - განაცხადა რუსთავის ახალმა მერმა.
რაც შეეხება ლაშა მინდელს, მას 1999-2001 წლებში რუსთავის მერის თანამდებობა ეკავა. 2001-2002 წლებში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2004-2008 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი, 2008 წლიდან კი "ნაციონალური მოძრაობიდან" ასევე პარლამენტის დეპუტატია.