ზვიად ძიძიგური: ხელისუფლება ადმინისტრაციულ, საბიუჯეტო რესურს ძალიან უსინდისოდ იყენებს
ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსს ბოროტად იყენებს.
მისი თქმით, გვიან ღამით, რუსთავის მოსახლეობას ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა სხვადასხვა სახის პროდუქტები დაურიგეს, რაც მისი შეფასებით ამომრჩევლის მოსყიდვაა.
„აღნიშნულ პირებს მაისურებზე 5 ნომერი ეწერათ და მოსახლეობას მაკარონს, კარტოფილს, სხვადასხვა საკვებ პროდუქტებს ჩუმად ურიგებდნენ. სახეზეა ადმინისტრაციული, საბიუჯეტო რესურსის ძალიან უსინდისოდ გამოყენება ხელისუფლების მხრიდან, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვა და ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია იმ მიმართულებით“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ხელისუფლება საარჩევნო კამპანიისთვის საბიუჯეტო რესურსს იყენებს, ხოლო მოსახლეობა ვალდებული არ არის არჩევნებზე ხმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მისცეს.
„საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ გამოართვან ყველაფერი ხელისუფლებას, რასაც მისცემენ, ვინაიდან ეს მათი ფულით შეძენილი პროდუქტებია, მაგრამ ეს არ ავალდებულებს არავის, რომ ამის სანაცვლოდ ხმა მისცენ „ნაციონალურ მოძრაობას“- განაცხადა ძიძიგურმა.