პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ცაგერში გამართა. შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილი დეტალურად ესაუბრა „ქართული ოცნების“ სამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე - სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება.
კოალიციის ლიდერმა მოსახლეობას ამ სფეროებში მის მიერ გაწეული საქმიანობაც გააცნო. ბიძინა ივანიშვილმა დაინტერესებული აგრონომები წილკანსა და ლეღაურაში, საცდელ მეურნეობებში დაპატიჟა, სადაც რამდენიმე წლიანი კვლევების შედეგად 400-ზე მეტი ქართული ვაზის სახეობაა აღდგენილი, დანერგილია საუკეთესო ხეხილისა და ბოსტნეულის ჯიშები. ცაგერში შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი, ასევე დეტალურად შეეხო ჯანდაცვისა და განათლების სფეროებს.
ქართველ მასწავლებლებს საჯაროდ მიმართა ლეჩხუმის უხუცესმა პედაგოგმა და მათ შიშის დაძლევისკენ მოუწოდა: „ლაჩრები გმირებს ვერ გაზრდიან, დღეს ქვეყანას გმირები სჭირდება!“
კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნებამდე კოალიციას ყველაფერი გაწერილი და გათვლილი აქვს. შესაბამისად, ივანიშვილის თქმით, კოალიცია აგრძელებს ბრძოლას და დარწმუნებით აცხადებს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
„ხელისუფლება, როდესაც ჩვენს პროგრამასა და პრიორიტეტებს გაეცნო, უსირცხვილოდ ადგა გადაამრავლა და გადაიწერა ერთი ერთზე. ისინი უსირცხვილოდ ჩვენს პროგრამებს მიიწერენ და იბრალებენ, თუმცა ისევ შევეკითხები მათ,კეთილი ინებონ და შემდეგი წლის ბიუჯეტის წყაროები მიგვანიშნონ და წარმოგვიდგინონ. რით აფინანსებენ, სად აქვთ ეს ფული, რითაც ამ პროექტების დაფინანსება სურთ? მე პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, ვნახე რომ საჭირო ვარ და ვალდებული ვიყავი, რამეთუ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც რეალურ ოპოზიციას წარმოადგენდნენ, შეიძლებოდა დღევანდელ ხელისუფლებასთან გამკლავება გასჭირვებოდათ. ჩვენ უამრავი შრომა გავწიეთ, იმას რასაც გპირდებოდით დასაწყისში შევასრულეთ, დღეს ხელისუფლება ძალიან ცუდ დღეშია, ისე არიან შეშინებულნი უამრავი სისულელეები აკეთეს. 30 - ში გავაკეთებთ ა ანალიზს და დამკვირებლებს წარმოვუდგენთ, თუ რა ჩაიდინე იმის შემდეგ, რაც პოლიტიკაში შემოვედი. ამათზე პასუხისგება და უკანდახევა მოუწევთ. ჩვენ დარჩენილ დროშიც ყველაფერი გათვლილი და გაწერილი გვაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ძალა ერთობაშია. „ხალხი იგებს არჩევნებს“ მიმართა ივანიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას.
„თქვენ გეკუთვნით ეს ქვეყანა. კარგად გააცნობიერეთ, კარგად დაფიქრდით, ნუ გეშინიათ ვერაფერს ვერ გაგვიყალბებენ, ყველაფერი კარგად გათვლილი გვაქვს და ყველაფერს დავაბალანსებთ. თქვენი ხმები არ დაიკარგება. თქვენ უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე, თქვენთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველ ოქტომბერს არჩევნებში“, - განაცხადა ივანიშვილმა.