„ქვეყნის სათავეში დღეს კრიმინალური ხელისუფლება გვყავს. მთელი ბიზნესი ყაჩაღდება და ტერორდება ჩვენი ხელისუფლების მიერ. სწორედ ასეთია მათი იდეოლოგია“, - ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ცაგერში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გია გაზდელიანის ძმის კრიმინალური ავტორიტეტს ეხებოდა.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, თითონ დეპუტატობის კანდიდატი გია გაზდელიანი ღირსეული ადამიანია და მან თავისი ძმის შეცდომებზე პასუხი არ უნდა აგოს.
„მას ყველანაირი უფლება და ღირსებები აქვს იმისთვის, რომ მოღვაწეობა თავის ქვეყანაში ღირსეულად გააგრძელოს და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ივანიშვილი მიიჩნევს, დღეს ყველაზე დიდი კრიმინალი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სახით ჰყავს.
მისი განმარტებით, საქართველოში მთელ შემოსავალს, რომელიც საქართველოში ბიზნესიდან და სხვადასხვა დახმარებების სახით შემოდის რამდენიმე კაცი სააკაშვილის მეთაურობით იყოფს.
ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში წლების წინ მართლაც ბევრი კრიმინალური ავტორიტეტის ადამიანი იყო, რომლებიც ქვეყნის მართვაში ჩარევას ახერხებდა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა.
„რათქმაუნდა, კარგი არ იყო, რომ კრიმინალები ბობოქრობდნენ ქვეყანაში და ჩვენ ქვეყანას აუცილებლად გავათავისუფლებთ ყველანაირი კრიმინალებისგან. მაგრამ ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება დღეს აკეთებს, ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთაა“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, სწორედ ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ტოტალურად კონტროლდება ბიზნესი და ათასობით ადამიანი ციხეში უსამართლოდ ზის.
„აქ მოძებნეთ კრიმინალები. დღევანდელი ხელისუფლება კრიმინალური ავტორიტეტის ადამიანებზე არაფრით არის უკეთესი“, - დასძინა მან.