ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაში თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ამასთან დაკავშირებით ცესკომ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ცესკო საარჩევნო სუბიექტებსა და ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრს არ აქვს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება.
შესაბამისად, როგორც ცესკო კოდექსზე დაყრდნობით განმარტავს, კომისიის წევრების მიერ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო სიმბოლოებიანი მაისურების, კეპის ან სხვა სახის ატრიბუტიკის ტარება და მითუმეტეს, ამგვარი ატრიბუტიკით კომისიის სხდომებზე დასწრება, წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს.
„კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე (”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მე-2 მუხლის ” ჰ1 პუნქტი) კომისიის წევრების მიერ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო სიმბოლოებიანი მაისურების, კეპის ან სხვა რაიმე სახის ატრიბუტიკის ტარება და მითუმეტეს, ამგვარი ატრიბუტიკით კომისიის სხდომებზე დასწრება, წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას. აღნიშნული წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 79-ე მუხლი)“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით.