შვეიცარია დიდი ცვლილებებისთვის ემზადება

შვეიცარია დიდი ცვლილებებისთვის ემზადება

შვეიცარია დიდი ცვლილებებისთვის ემზადება. როგორც ცნობილი გახდა, ქვეყანაში გამოცხადდა კონკურსი, ეროვნული ჰიმნის სიტყვების შეცვლაზე.

ქვეყნის ამჟამინდელ ჰიმნს წარმოადგენს „შვეიცარიული ფსალმუნი,“ რომელიც ჯერ კიდევ 1841 წელსაა დაწერილი, ჰიმნად კი 1981 წელს დაამტკიცეს. თუმცა, გამოკითხვის თანახმად, მისი სიტყვები მოქალაქეების 1%-მა იცის. შვეიცარიელები თვლიან რომ ამჟამინდელი ტექსტი „მოძველებული, უხეში და მოქალაქეების განცდებისთვის შეუსაბამოა“.

ცვლილებების ავტორების ჩანაფიქრის თანახმად, ჰიმნი უფრო აქტუალური და შთამაგონებელი უნდა იყოს.  ახალი ჰიმნისა და მელოდიის გამოვლენის მიზნით კონკურსი 2015 წლის 1 აგვისტომდე ჩატარდება.

მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებაც, რომ შვეიცარიამ შესაძლოა დედაქალაქიც შეიცვალოს.  რეფერენდუმის ჩატარების მიზნით ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია. საკითხი დედაქალაქის ბერნიდან ციურიხში გადატანას ეხება.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც შვეიცარიაში უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში იგეგმება ვალუტის შეცვლაა.  ქვეყნის ცენტრალური ბანკი ახალი ფრანკის გამოშვებისთვის ემზადება. ახალი ბანკნოტები 2013 წლის ბოლოსა და 2014-ის დასაწყისში გამოვა.

შვეიცარიული ფრანკი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დაცულ ბანკნოტებად მიიჩნევა. სხვა ვალუტებთან შედარებით, ფრანკების გაყალბების შემთხვევები მინიმალურია.