კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს ონისა და ამბროლაურის რაიონებში გაიმართება. აქციაზე კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და მათ წინასაარჩევნო პროგრამას გააცნობს.
როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ From.ge-ს განუცხადა, აქციის ჩასატარებლად ძირითადი სამზადისი პროცესი დასრულებულია.
მისი თქმით, ხალხი უკვე მზადყოფნაშია და დიდი ინტერესით ელოდება ბიძინა ივანიშვილის რაიონებში ჩასვლას. კობახიძის განმარტებითვე, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კოალიციის საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით მათი ინტერესიც გამძაფრდა.
„შესაბამისად ჩვენ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას ველოდებით. საზოგადოებას, რათქმაუნდა, აინტერესებს ჩვენი საარჩევნო პროგრამა და ამასთანავე ის ვითარება, რა ვითარებაშიც მიმდინარეობს რეალურად ეს საარჩევნო კამპანია. ვფიქრობ, ეს შეხვედრა იქნება ისეთივე მრავალფეროვანი და მშვიდობიანი, როგორიც აქამდე ჩატარებული აქციები იყო“, - განაცხადა მან.
კობახიძის თქმითვე, ონისა და ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრას კოალიციის სხვადასხვა რაიონის აქტივისტებიც შეუერთდება.
ონის ცენტრში შეხვედრა 14:00 საათზეა დაგეგმილი. 19.00 საათზე კი "ქართული ოცნების" აქცია ამბროლაურში გაიმართება.
გუშინ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა შეხვედრები ლენტეხისა და ცაგერის მოსახლეობასთან გამართა. ბიძინა ივანიშვილმა მათ კოალიციის საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.