ინდოელი პროდიუსერები, საქართველოში ახალ ფილმზე მუშაობენ. ცნობილი ინდური ბლოკბასტერის „BILLA“-ს მეორე ნაწილის გადაღებების შემდეგ დაიწყო მუშაობა ისტორიული ჟანრის ფილმზე - „Irandam Ullagam“ (სხვა სამყარო).
ფილმის რეჟისორია ინდოეთში ძალიან წარმატებული სელვა რაჯავან კრიშანამურტია, მთავარ როლებს კი, ინდოეთის ძვირადღირებული და პოპულარული ვარსკვლავები ასრულებენ. ფილმის ბიუჯეტი 5 მილიონი დოლარია. პროექტზე მოწვეულია ჰოლივუდის, ერთ-ერთი წამყვანი გრაფიკოს-სუპერვაიზორი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ისეთ ფილმზე, როგორიცაა „ავატარი“.
ქართული მხრიდან პროექტში ჩართულია 50 პროფესიონალი კინემატოგრაფისტი (გადამღები პერსონალი). ინდოელი პროდიუსერები აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან, მათ შორის სტუდიასთან "მეტრო" და "ქართულ ფილმთან".
ფილმში მოქმედება ვითარდება შუა საუკუნეების საქართველოში. სცენებში ფიგურირებს ქართველი მეფე მისი ერთგული ჯარით. ფილმი მდიდარია ბატალური სცენებითა და „სამი დე“ გრაფიკით. ფილმისათვის მსახიობების შერჩევა უზრუნველყო მსახიობთა სტუდიამ „G art“-მა. სულ ფილმში 70-მდე ქართველი მსახიობი და 50 კასკადიორი მონაწილეობს, ხოლო რამდენიმე სცენაში 300-მდე ადამიანი იქნება გადაღებული. მსახიობთა ნაწილს ინდურის სწავლაც მოუწევს სხვადასხვა ეპიზოდების ბუნებრივად გადაღების მიზნით.
გადაღებები მიმდინარეობდა თუშეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ჯავახეთში, ვარძიის კომპლექსში და მიმდებარე ტერიტორიებზე, ახალციხეში, განახლებული რაბათის ციხეში, ასევე კახეთში - ალავერდსა და სიღნაღში.