ამერიკული ორგანიზაცია „გრინბერგ ქვინლენ როსნერის“ (GQR) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კონკრეტული პიროვნებების მიმართ კეთილგანწყობით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 59 ქულით ლიდერობს.
კვლევის მონაცემებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 52 ქულა აქვს, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 47 ქულა.
შედეგები 100-ქულიანი სკალით გადანაწილდა, სადაც „100“ ნიშნავს „ძალიან თბილი, კეთილგანწყობილი“, „0“ ნიშნავს „ძალიან ცივი, არაკეთილგანწყობილი“.
კითხვაზე - დადებითად აფასებთ თუ უარყოფითად ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში მიხეილ სააკაშილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე შესრულებულ სამუშაოს - ძალიან დადებითად 35% აფასებს, მეტ-ნაკლებად დადებითად - 39%, მეტ-ნაკლებად უარყოფითად - 12%, ძალიან უარყოფითად - 12%, ხოლო პასუხის გაცემა - 2%-ს უჭირს.
საერთო ჯამში მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის პოსტზე შესრულებულ საქმიანობას დადებითად - 73%, ხოლო უარყოფითად 24% აფასებს.
„გრინბერგ ქვინლენ როსნერმა“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, მთელი საქართველოს მასშტაბით აგვისტოს დასაწყისში ჩაატარა.
კვლევის დროს 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.