კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ კახათის მცხოვრებლებს შეხვდა. ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ადგილობრივების პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია და კახათელებს კოალიციის პროგრამები გააცნო.
მისი თქმით, დღეისათვის კახათშიც იგივე პრობლემებია, რაც საქართველოს ყველა რეგიონსა და სოფელშია. ალასანია აცხადებს, რომ სოფელში არ არის სკოლა, რის გამოც ბავშვებს 7 კილომეტრის ფეხით გავლა უწევს.
„ჩვენი გარანტირებული პირობა არის, რომ ყველა სოფელს ექნება სკოლა, ყველა სოფელს ექნება ბაღი და სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მოსახლეობას ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ზუგდიდში გაიხსნება რეგიონალური სამედიცინო კვლევითი ცენტრი, რომელიც უფასოდ მოემსახურება არამარტო ადგილობრივებს, ასევე აფხაზეთის მოსახლეობასაც“, - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, სოფლის შიდა გზები არის „სამარცხვინო“. როგორც ალასანია განმარტავს, მართალია, ადგილობრივ მოსახლეობას დენი აქვს, მაგრამ საერთოდ რამდენს იხდიან და რისთვის იხდიან მის საფასურს, ამის აღრიცხვა არ ხდება.
„10 წელია ეს ხალხი ამ პრობლემას აყენებს, თუმცა ეს დღემდე გადაუწყვეტელია. ჩვენ მათ ავუხსენით 1 მილიარდი რაში ჩაიდება, როგორ დავაყენებთ გლეხს ფეხზე და როგორ შევუწყობთ ამაში ხელს ჩვენს მიერ მოზიდული ინვესტიციებით“, - დასძინა მან.