"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მარიკა ვერულაშვილმა, ყვარელში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. მან მთავარი აქცენტი სოციალური საკითხების მოგვარებასა და რუსულ საფრთხეებზე გააკეთა.
ვერულაშვილის განცხადებით, 10 წლის წინ ყვარელმა პატარკაციშვილს და აირჩია, იმიტომ რომ მას ბევრი ფული ჰქონდა. „გახსოვთ, პატარკაციშვილის და იყრიდა კენჭს და მაშინ მეუბნებოდნენ, რომ კარგი გოგო ხარ, მაგრამ მას ფული აქვს და ჩვენ რაიონს იქნება ეშველოსო. ყვარლის ბიუჯეტის განხილვის დროს სულ მას ვეძებდი, ან არ იყო და ან არ ვიცი... მე მაშინ არ მომიპარავს, როდესაც კაპიკი არ მქონდა და ახლა მითუმეტეს, როდესაც ღვთის წყალობით ყველაფერი მაქვს, მინდა ვიყო კურიერი თქვენსა და ხელისუფლებას შორის“,-აცხადებს ვერულაშვილი.
ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი დათო ქევხიშვილი მას ძალიან უყვარს, მაგრამ ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი. „ამათ ძალიან უკვირთ ხოლმე, როდესც ქევხიშვილზე კარგს ვლაპარაკობ. ძალიან ჯანმრთელი და კარგი ადამიანია, ის მამაჩემის ნათლულია, ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი, ჯერ ახალგაზრდაა სწორად გაანალიზებს ყველაფერს და მიხვდება რომ ეს ასე არ უნდა იყოს“, -აღნიშნა ვერულაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მოსახლეობის თხოვნაზე გადასახადების შესახებ და შეკითხვაზე, როდის გაუყვანდნენ წყალს სოფელს, მარიკა ვერულაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა და მოსახლეობას აუხხსნა, თუ რა გველის ყველას, თუ რუსის ჯარი შემოვა.
„პრესსამსახურის უფროსი ვიყავი და ძალიან ცუდი კადრები მაქვს ნანახი. ჯარი უნდა გახსოვდეთ, რუსის ჯარი. 106 წლის ქალი სახლიდან ვერ გაიყვანეს, კადრები მაქვს ნანახი, ხუთი რუსის ჯარისკაცი რიგრიგობით როგორ აუპატიურებს ამ ქალს. ეს გველის ყველას თუ რუსის ჯარი შემოვა. ნახმარ ტუალეტებს რომ დაჟანგულ ტანკებზე დებდნენ და მიარბენინებდნენ, სასაცილო არ არის ეს“.- განმარტა ვერულაშვილმა.
„ეს კადრები არ მოხვდება ამ ტელევიზიაში, რა საშინელება ელოდება ჩვენს ქვეყანას. მე თქვენ გასწავლით და მინდა იცოდეთ რა საშინელება გველოდება“,-განუცხადა ვერულაშვილმა ინფო9-ის ჟურნალისტს.