„საქართველოს გზის“ თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის კოშკის სახელით ცნობილი ძეგლის ნაწილის შესაძლო დემონტაჟს გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით მან facebook-ის საშუალებით განცხადება გაავცრელა.
„ტაძრის და ქალაქის აღსადგენად ნიკოლაძის კოშკი უნდა დაანგრიონ... ამისთვის მოუგონეს „საბჭოთა მინაშენის" სტატუსი! სინამდვილეში ნიკოლაძეს სახელი უნდა გააქრონ... ვშიშობ, ამ გაქრობაში ჩემი ფაქტორიც ფიგურირებს! აქ მიშა ვერ იტყვის, ჩემი წინაპრებიო... ამითი უნდათ, გააქრონ თავისუფალი, ევროპელი, ნამდვილი "მშენებელი" ქართველი მოღვაწის განუმეორებელი პიროვნებაც! მგონი, ამ თავიანთი უვარგისი ოცნების შესრულება გაუჭირდებათ, რაც არ უნდა "აჩქარებულ ტემპებში" იმუშავონ! თქვენი დრო იწურება და ამაზედაც პასუხი მოგეთხოვებათ!", - აცხადებს ზურაბიშვილი.
ფოთში მდებარე ნიკო ნიკოლაძის კოშკის სახელით ცნობილი ისტორიული ძეგლის ერთი ნაწილი შეიძლება, ფოთის რეაბილიტაციის პროექტს შეეწიროს.
ისტორიული ძეგლის მარჯვენა ფლიგელის დემონტაჟი, ფოთის მთავარი არქიტექტორის, ნუკრი ტუღუშის განმარტებით, იმაზეა დამოკიდებული, აღმოჩნდება თუ არა საკმარისი სივრცე მიმდებარე ტერიტორიიის კეთილმოსაწყობად.
თუმცა, კულტურის მუზეუმის დირექტორის, ელენე გაბლიანის ინფორმაციით, კოშკი გასული საუკუნის 70-იან წლებში კი არ აშენდა, არამედ ამ პერიოდში კიდევ ერთი რესტავრაცია ჩაუტარდა.