პარტიამ „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ბაღათურიამ და პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერმა ნანა გულუამ დღეს საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადეს.
ბაღათურია აცხადებს, რომ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ და მისი პარტიის კავშირით ერთ-ერთი უძლიერესი ოპოზიციური ძალა შეიქმნა.
„პარტიის საერთაშორისო მრჩეველთან, რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენ მინდია გულუასთან კავშირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვინადიან, გულუა თავისი კაპიტალით და კავშირებით მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანია და მისი შესაძლებლობების ქვეყნისთვის გამოყენება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბაღათურიამ.
„ჯონდი ბაღათურია-ქართულმა დასმა“ პარტია „განახლებულ საქართველოსთან“ შეთანხმებით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე 37 ოლქში წარადგინა. დანარჩენ კანდიდატებზე შესათანხმებლად კი მუშაობა გრძელდება.
დღესვე ბაღათურიამ ძალაში დატოვა შეთავაზება ყველა ოპოზიციური პარტიისადმი მაჟორიტარულ ოლქებში ერთობლივ კანდიდატებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ოპოზიციისადმი სოლიდარობის ნიშნად ის, არ აპირებს თავისი მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელოს იმ ოლქებში, სადაც სადეპუტატო მანდატების მოსაპოვებლად ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარეები იბრძვიან.
ცნობისთვის, „ქართულ დასსა“ და პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საერთო საარჩევნო სია აქვთ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარტიას „განახლებული საქართველოსთვის“ ცესკომ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.