წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად 24 501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. ამის შესახებ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ბათუმის უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დარეგისტრირებული აბიტურიენტების 71% სტუდენტი გახდა, რაც შარშანდელ მონაცემებს 5.3%-ით აღემატება.
მისივე თქმით, 35 361 აბიტურიენტიდან წელს 34 431 გავიდა გამოცდებზე, 2% საერთოდ არ გამოცხადდა, დაგვიანების გამო კი გამოცდებზე 12 აბიტურიენტი არ დაიშვა.
ამასთან, სააპელაციო განაცხადი მხოლოდ 1480 აბიტურიენტმა შეიტანა, რომელთაგან ქულა 333 აპლიკანტს შეეცვალა.
მინისტრის განცხადებით, წელს სრული 100%-იანი დაფინანსება 900-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო.
მან ასევე აღნიშნა, რომ ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ხარვეზების, ექსცესების და პრობლემების გარეშე ჩაიარა.
„სამინისტრომ უკვე დაასრულა ახალ სტრატეგიაზე მუშაობა, რომელსაც 8+1 სტრატეგია ეწოდება, რომლის თანახმად, ყველა დამამთავრებელი კლასიის მოსწავლე, სკოლაში საკუთარ მერხთან ჩააბარებს გამოცდებს. ეს იქნება 8 სასკოლო საგანი და ზოგადი უნარები. ანუ აბიტურიენტებს სხვადასხვა საგამოცდო ცენტრში გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ნებისმიერ აბიტურიენტს როცა მოუნდება წელიწადში რამდენჯერმე შეეძლება ჩააბაროს ეს გამოცდები და მინდა, სრული პაუსხისმგებლობით გითხრათ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი წელიწადის 12 თვის განმავლობაში იმუშავებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.