კოალიცია „ქართული ოცნება – ბიძინა ივანიშვილის“ ქობულეთის მაჟორიტარი კანდიდატი ფატი ხალვაში ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღიდან“ დირექტორის მოადგილის თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლებას სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას მოუწოდებს დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს ამ პოლიტიკურ გათავისუფლებაზე.
„მიუხედავად უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმად, არჩევნებამდე ნებისმიერ საჯარო სამსახურში რეორგანიზაცია, თანამშრომელთა დათხოვნა აიკრძალა, მაინც ხდება არასაიმედოობის ნიშნით სამსახურებიდან ხალხის გათავისუფლება. 2012 წლის 19 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულმა ქობულეთის საზოგადოებრის კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი ისე, რომ გათავისუფლების ერთადერთ მიზეზად განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება დაუსახელეს. დირექტორმა ზეპირი გადაწყვეტილების მიღებიდან მხოლოდ მეთერთმეტე დღეს მოძებნა და ბრძანებაში ჩაწერა, რომ თამარ კაიკაცივილი გათავისუფლდა სასწვლო პროცესში დაშვებული ხავეზების გამო.
გათავისუფლებულმა მიმართა სასამართლოს. დანიშნულია პროცესიც. საქმის წარმოება საინტერესო გამოხმაურებებით მიდის. საქმით დაინტერესებულია უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის, სახალხო დამცველიც.
თამარ კაიკაციშვილს მიაჩნია და ჩვენც ვეთანხმებით, რომ ეს გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და ის არასაიმედოობის გამო დაითხოვეს, რადგან მისი ძმა არჩილ კაიკაციშვილი „ახალგაზრდა ადვოკატების“ დამფუძნებელი თავისი მკვეთრი პოზიციითა და არაერთი ხმაურიანი განცხადებით გამოსულა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დარღვევებზე. მათ შორის, თბილისის ერთ-ერთი მასწავლებლის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო. ასევე მათი ბიძა ვაჟა ბერიძე ჩვენს კოალიციასთან თანამშრომლობს.
ჩვენ ვგმობთ თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლებას და მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს და მივმართავთ უწყებათშორის კომისიას სათანადო რეაგირება მოახდინოს ამ ფაქტზე.“ – აღნიშნულია განცხადებაში.