შალვა შავგულიძე:  სლოგანი „მეტი სარგებელი ხალხს“ უპრიანი იქნება შევცვალოთ სლოგანით „მეტი სარგებელი ხალხისაგან“

შალვა შავგულიძე: სლოგანი „მეტი სარგებელი ხალხს“ უპრიანი იქნება შევცვალოთ სლოგანით „მეტი სარგებელი ხალხისაგან“

კოალიცია „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე  ვაჟა-ფშაველას პირველი და მეორე კვარტლის მოსახლეობას შეხვდა.

შალვა შავგულიძემ წინასაარჩევნო პრიორიტეტებსა  და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზებზე ისაუბრა; მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება პრობაციონერებისა და მათი ოჯახების მძიმე მორალურ მდგომარეობაზე გაამახვილა,

ამ უბნის მაცხოვრებლების ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონია. მოსახლეობისთვის ასევე პრობლემად რჩება კომუნალური გადასახადების ტარიფები.

„ეს ხელისუფლება ცდილობს ყველა სფეროში თვითონ ნახოს კომერციული მოგება და საერთოდ არ ითვალისწინებს ხალხის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას. იქნება ეს მართლმსაჯულება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა თუ სხვ. კომუნალური გადასახადები არაადეკვატურად დიდია, მოსაკრებლები გაურკვევლადაა დაანგარიშებული და არავინ იცის, საჯარო დაწესებულებებში ესა თუ ის სერვისი რეალურად რა ღირს. ამიტომაც სლოგანი „მეტი სარგებელი ხალხს“ უპრიანი იქნება შევცვალოთ სლოგანით „მეტი სარგებელი ხალხისაგან“ „-მიმართა ამომრჩეველს შალვა შავგულიძემ.

გამარჯვების შემთხვევაში, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  შალვა შავგულიძე მოსახლეობას ყველა პრობლემის სამართლებრივი გზით მოგვარებას დაპირდა.