მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არის თუ არა უკეთესი ქვეყანა, ვიდრე 8 წლის წინ?!

მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არის თუ არა უკეთესი ქვეყანა, ვიდრე 8 წლის წინ?!

"1-ელი ოქტომბერი ყველა კრიმინალური ელემენტის, ყველა კორუმპირებული ელემენტის, ჩვენი დამპყრობლის ბოლო გაფართხალება იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა   ხონში, მოსახლეობასთან გუშინდელი შეხვედრისას განაცხადა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეგიონებში მასთან შესახვედრად ყოველთვის  ბევრი ხალხი გამოდის, თუმცა ეს მითქმა-მოთქმის საბაბი ხდება. 

„ისინი, ვინც შეჩვეულია ყველაფრის ყიდვას, ამბობენ - მართალია, სვანეთში მიშას ბევრი ხალხი დახვდა, მაგრამ სვანები არ იყვნენო. აჭარაში თურმე თბილისიდან ჩამიყვანია 20 ათასი კაცი. სამტრედიაზე თქვეს, ეს წალენჯიხიდან და ჩოროწყუდან ჩამოყვანილი ხალხიაო და ხონში, ალბათ, ინგლისელები და ამერიკელები მყავს შეკრებილი, სპეციალურად ჩამოყვანილი თვითმფრინავით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ 1 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მისი თქმით, ამ დღეს ყველგან მივა ხონელი, სამტრედიელი, აბაშელი, ქუთაისელი, კახელი, ქართლელი, თბილისელი, და აღნიშნა, რომ სწორედ ამით გამოჩნდება, რომ საქართველო არ გადასულა ჭკუიდან, არის ბრძენი, მაგარი, ძალიან გამტანი და გამბედავი ერი.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაჭირვებულია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კონკრეტული პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ არის საქართველოში ადგილები, სადაც თითქმის არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ არის ოჯახები, რომლებმაც ძალიან რთულია იმედი დაინახონ თავიანთ არსებობაში, თითუელმა ჩვენგანმა უნდა დაუსვას თავის თავს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა – საქართველო არის თუ არა უკეთესი ქვეყანა, ვიდრე 8 წლის წინ?! პირველი ოქტომბერი არის ყველა კრიმინალური ელემენტის, ყველა კორუმპირებული ელემენტის ბოლო მცდელობა, უკანასკნელი გაფართხალება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.