საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ეუთო/ODIHR - ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საარჩევნო საკანონმდებლო ბაზასთან და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. „მათ განსაკუთრებით საკანონმდმებლო ცვლილებები აინტერესებთ, რომელიც საარჩევნო გარემოს და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკავშირდებოდა. ცვლილებები, რომელიც კანონმდებლობაში განხორციელდა, ეუთოს და ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა. ეს საბოლოოდ განაპირობებს სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს. მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო დელეგაცია შეხვედრებს სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების კომისიის წევრებთანაც გამართავს.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირებლო მისია გუშინ დააფუძნა.
მისია, რომელსაც ნიკოლაი ვულჩანოვი უხელმძღვანელებს, თბილისში 15 საერთაშორისო ექსპერტისა და ქვეყნის მასშტაბით განაწილებული 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან შედგება.
გარდა ამისა, ODIHR დამატებით გამოითხოვს 350 მოკლევადიან დამკვირვებელს.
დაკვირვების პროცესში მისიის წევრები შეხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიას.