თორნიკე გორდაძე: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი კვლავ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაა

თორნიკე გორდაძე: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი კვლავ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაა

ახალი სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძის განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაა და აღნიშნულთან დაკავშირებით მათი ეს პოზიცია არ შეიცვლება. ამის შესახებ გორდაძემ დღეს გამართულ თავის პირველ ბრიფინგზე განაცხადა.

გორდაძის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი საქართველოსთვის არ არის აბსტრაქტული მისწრაფება და აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კონკრეტულ სარგებელს მოუტანს.

 მისივე თქმით, ნატო-ში გაერთიანება ნიშნავს უსაფრთხოებას და ამის გარეშე მომავალზე ფიქრი წარმოუდგენელია.


„რაც შეეხება ევროკავშირს ამ ორგანიზაციასთან დაახლოებას და მასში გაერთიანებას უაღრესად დადებითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკის პოტენციალზე. ის მოიზიდავს დიდი რაოდენობით ინვესტიციას, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ასე რომ, ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლაში დაეხმარება. “-განაცხადა გორდაძემ.

ცნობისთვის, თორნიკე გორდაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დღეს პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა წარადგინა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ბარამიძე შეცვალა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.