პარტიამ „საქართველოს გზა“ ეუთო-ს საპარლამენტო მისიის ვიზიტთთან დაკავშირებით შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. პარტია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს ხელისუფლების ქმედებებზე საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თვალს ვადევნებთ ხელისუფლების ნეობოლშევიკური მეთოდებით ბრძოლას პოლიტიკურ ოპონენტებთან, რაც შეუთავსებელია დემოკრატიის პრინციპებთან და ჩვენ ამ თემაზე ბევრი განცხადება გავაკეთეთ. დღეს, როდესაც ქართველ ხალხს მთელი მსოფლიოს წინაშე გაცხადებული აქვს საკუთარი სურვილი - ააშენოს დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო, მმართველი გუნდი არ ერიდება პირდაპირ ტერორს და ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით ცდილობს ჩაახშოს ხალხში მომძლავრებული თავისუფლების წყურვილი. ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიციის და სხვა ძალოვანი უწყებების, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯებია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საქართველოში, რაც თავისთავად, ქვეყნის დესტაბილიზაციას და წარსულში დაბრუნებას უწყობს ხელს. მმართველმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავად არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო, რაც საქართველოს ირგვლივ არსებულ საფრთხეებს უფრო რეალურს ხდის. მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, დიპლომატიურ კორპუსს რომ მკვეთრად დააფიქსირონ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება ასეთი ფაქტებისა და ტენდენციების მიმართ, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ხელისუფლება სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნდეს და ქვეყანაში თავისუფალი არჩვენების ჩატარება უზრუნველყოს“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.