ექსპერტების შეფასებით, ეუთოს კრიტიკასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული განცხადებები, არასრულყოფილია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ექსპერტმა არჩილ გეგეშიძემ From.ge-სთან ისაუბრა, სადაც ჩიორა თაქთაქიშილის განაცხადება შეაფასა.
გეგეშიძის განცხადებით, მართალია „ქართულ ოცნებას“ ლობისტები ჰყავს და ისინი საკმაოდ აქტიურადაც მუშაობენ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ისინი ინფორმაციის ერთადერთი წყაროები არ არიან.
„ჩვენს ქვეყანაში არაერთი საელჩოა, არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ისინი ყოველდღიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სულაც არ არის საჭირო ლობისტები, რომ თავიანთი თვალით დაინახონ აქ მიმდინარე ის პროცესები, რასაც ყველანი ვხედავთ“, - აცხადებს გეგეშიძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მათთვის არც იმის დანახვაა რთული, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონი მოქმედებს შერჩევითად, მისი სამართლიანობა კი ხშირ შემთხვევაში ეჭვს იწვევს. მისივე თქმით, ხელისუფლება ამ ადმინისტრაციულ რესურს თავის სასარგებლოდ იყენებს და აცხადებს, რომ ეს ვერ დაიმალებოდა.
„სწორედ ეს მოხვდათ თვალში ეუთოს წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში ამის დასადასტურებლად მათ ლობისტების, საელჩოებისა თუ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია აქვთ, ამას არ აქვს მნიშნელობა. ფაქტია, რომ ეუთოს წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია შეაგროვეს, დარწმუნდნენ ამ ყველაფერში და გააკეთეს შესაბამისი განცხადებები, რაც არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება“, - აცხადებს ექსპერტი.
გეგეშიძის აზრით, ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო დასკვნა. მისი თქმით, ალბათ ეუთოს წარმომადგენლები ჯერ კიდევ იმედს იტოვებენ, რომ ამ გაფრთხილების შედეგად სიტუაცია გამოსწორდება.
„მაგრამ რამდენად გამოსწორდება, ეს ხელისუფლების ჭეშმარიტ უზენაეს მიზანზეა დამოკიდებული. თუ კი ხელისუფლება გონიერების ფარგლებში იმოქმედებს და ჯანსაღი ლოგიკით იხელმძღვანელებს, მაშინ ყურად იღებს. მაგრამ თუ კი მისთვის მთავარი პრიორიტეტი ძალაუფლების შენარჩუნებაა და დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია, რათქმაუნდა, არ გაითვალისწინებს“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის კრიტიკა „კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებულ არაზუსტ ინფორმაციას“ უკავშირდება.