პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო “ დღეს ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სამეგრელოს საარჩევნო ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიის სახელით ზუგდიდში კენჭს ოთარ ჭითანავა იყრის, სენაკში - ლარისა აგაბალაევა; აბაშაში - ბადრი კუპრეიშვილი; ფოთში ვეფხია ცომაია; ჩხოროწყუში - ნუგზარ ძერია; წალენჯიხაში კი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატად ფრიდონ ჭურღულია დასახელდა.
ღონისძიებას პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ თავის გამოსვლაში ყურადღება საქართველოში წინა საარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის გაერთიანება ერთადერთი გზაა ხელისუფლების დასამარცხებლად.
„თავისუფალმა საქართველომ“ ერთიანობისკენ გადადგა ნაბიჯი – დედაქალაქში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი არ დააყენა და მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზაზა პაპუაშვილს“, - განაცხადა მან.
პარტიამ „ქართულ ოცნებასთან“ ყველა საარჩევნო ოლქში ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების მზადყოფნაც გამოთქვა.
ცნობისთვის, ზუგდიდში სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად როლანდ ახალაია დასახელდა. „ქართული ოცნების“ კანდიდატი კი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია.