ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეს, მამუკა კაციტაძეს "ამომრჩეველთა ლიგის" მიერ განხორციელებული კარდაკარის ბიუჯეტი და დამფინანსებლის ვინაობა აინტერესებს. ამ საკითხთან დაკავშირებით კაციტაძემ დღეს ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ლიგის მიზანი სახელმწიფო კომისიის კომპრომეტირება იყო, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მიზანი ვერ იქნა მიღწეული, ამიტომ კაციტაძის თქმით, ეხლა მათ პასუხს დამფინანსებელი თხოვს.
„პასუხის მოთხოვნის სხვადასხვა ფორმები არსებობს შედარებით ლმობიერი და თუ დამფინანსებელს მეტნაკლები გამოცდილება აქვს განგსტერულ გარემოში ფულის შოვნისა, მაშინ ეს მოთხოვნა ცოტა უფრო ხისტად ხორციელდება. ამიტომ ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია აგონიური მდგომარეობა "ამომრჩეველთა ლიგისა", რომელმაც ახლა ახალი პროექტი დაიწყო. მიკვირს, ვინ არის დამფინანსებელი ახალი პროექტისა, არ ვიცი ძველი აფინანსებს, თუ ახალი დამფინანსებელი ყავს, მაგრამ ვიცი, რომ როდესაც ერთი პროექტი არის წარუმატებელი და მეორე ფინანსდება, ასეთ შემთხვევაში დამფინანსებელი აზრზე არ არის რას აფინანსებს ან იმდენად დიდი ფული აქვს, რომ ეს დაფინანსება მისთვის არაფერს წარმოადგენს", - განაცხადა კაციტაძემ.
ამასთან, კაციტაძეს დღეს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ შეიძლება იყოს ლიგის დამფინანსებელი.
მამუკა კაციტაძის განმარტებით სახელმწიფო კომისია ლიგის მიერ ჩატარებული კარდაკარის შედეგების გადამოწმებას ვერ შეძლებს, რადგან "ამომრჩეველთა ლიგის" საიტზე მხოლოდ ციფრებია მოყვანილი და მონაცემების დასაზუსტებლად საჭირო დოკუმენტაცია ლიგას არ წარმოუდგენია.