პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ყოფილ ფეხბურთელს, კახა კალაძეს ოფიციალური მიმართვის შემდეგ თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ 13 სექტემბერს სპორტიდან წასვლის გამოსამშვიდობებელი შეხვედრის გამართვაზე უარი უთხრა.
ამის შესახებ კალაძემ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, არსებობდა მზადყოფნა საქართველოში ჩამოსულიყო იტალიური კლუბი „მილანი“ და ამხანაგური მატჩი გამართულიყო, თუმცა ორიოდე დღის წინ მათ „დინამოს“ ხელმძღვანელობისგან წერილობითი უარი მიიღეს.
„გვითხრეს რომ სტადიონი ოქტომბრამდე დაკავებულია. მე ეს არ გამკვირვებია. გამორიცხული იყო ჩვენთვის სტადიონი დაეთმოთ. მაგრამ ამაში ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ დავარწმუნე და ოფიციალურად მივმართე თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობას“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული გამოსამშვიდობებელი შეხვედრის გამართვა ოქტომბრისთვის გადაიდო.