პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ - ერთმა ლიდერმა, სამტრედიაში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ სამტრედიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
კალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი ავტოგოლების გარდა ვერაფერი ნახა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გააკეთა კომენტარი, მისი თქმით, ეს იყო შემთხვევითობა და ამისათვის საქართველოსა და მისი ნაკრების გულშემატკივარს ბევრჯერ მოუხადა ბოდიში.
კალაძე ავტოგოლებთან დაკავშირებით ბოდიშს დღეს კიდევ ერთხელ იხდის.
„ავტოგოლებზე საუბრობს ის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი ავტოგოლი გაიტანა ჩვენი ქვეყნის კარში. ეს როგორც ტერიტორიების, ისე 2008 წლის აგვისტოში ახალგაზრდა ბიჭების დაკარგვაში გამოიხატა. საინტერესოა, თუ შესწევს „ნაციონალების პრეზიდენტს“ ძალა ბოდიში მოუხადოს ქართველ ერს იმის გამო, რაც ჩვენს ქვეყანას გაუკეთა“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სამტრედიაში წარდგენილ მაჟორიტაარობის კანდიდატს მერაბ ჯანელიძეს, კალაძის განცხადებით, ის ამ შემთხვევაში პირადად საკუთარ თავზე საუბრისგან თავს შეიკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარებით დიდი უპირატესობა აქვს.
კალაძის განმარტებით, ჯანელიძეს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. მისი თქმით, ის რამდენიმე წლის წინ სამტრედიის რაიონის მთავარი ექიმი იყო, რომელიც ხელისუფლებამ გაათავისუფლა და რაიონიდან გააგდო.
კალაძე აღნიშნავს, რომ ჯანელიძემ მოღვაწეობა თბილისში გააგრძელა.
„ეხლა კი „ნაცმოძრაობამ“ ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმოადგინა. მე მაქვს შეთავაზება რათქმაუნდა თუ კი მისგან თანხმობა იქნება - ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის სამტრედიის რაიონს დაუბრუნდება როგორც მთავარი ექიმი. მაგრამ ცხადია, ჩვენ ამ ადამიანს ვერაფერს დავაძალებთ, ისე როგორც ამას „ნაცმოძრაობა“ აკეთებს“ , - განაცხადა მან.
კალაძე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლადო ვარძელაშვილის სამტრედიაში ვიზიტსაც შეეხო. მისი თქმით, მინისტრი თავის ზონდერებთან ერთად სამტრედიაში იმყოფება და აღნიშნა, რომ ეს მოსახლეობის დაშინებას ემსახურება.
„ზუსტად იმიტომ იმყოფება ვარძელაშვილი სამტრედიის რაიონში ზონდერებთან ე.წ. მოჭიდავეებსა და კრივის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ხალხი შეაშინოს და რეპრესიები მოუწყოს“, - განაცხადა კალაძემ.