ამ წუთებში ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია - მოქალაქეთა ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში - მიმდინარეობს. დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას იღებენ კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლები - ირაკლი მელაშვილი და მაგდა პოპიაშვილი.
დისკუსიის ფარგლებში განიხილება კამპანიის - „ეს შენ გეხება“ ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი 17-პუნქტიანი ალტერნატიული კოდექსი პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებას ამ წუთებში ირაკლი მელაშვილი აკეთებს.
გარდა ამისა, დისკუსიის ფარგლებში ადგილობრივი არასამთარობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფი წარადგენს კვლევას მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ. კვლევა ეფუძნება მოქალაქეებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია ინსტიტუტებისგან მიღებულ ინფორმაციას.
დისკუსიაზე, ასევე, განიხილება სამოქალაქო ჩართულობის, მონაწილეობისა და სამოქალაქო მონიტორინგის საკითხები - თუ რა ნაბიჯებითა და მექანიზმებით არის შესაძლებელი თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.