„მემარჯვენეების

„მემარჯვენეების" მაჟორიტარობის კანდიდატი კახა შავგულიძე ზესტაფონის საკრებულოში ნეობოლშევიზმის დამკვიდრებას აპროტესტებს

"ახალი მემარჯვენეების"  ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,  ზესტაფონის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე  კახა შავგულიძე ზესტაფონის საკრებულოს ხელმძღვანელობას უპირისპირდება და  აცხადებს, რომ ისინი ადგილობრივ თვითმმართველობაში ნეობოლშევიზმს ამკვიდრებენ.

ამის შესახებ კახა შავგულიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ზესტაფონის საკრებულოში "ახალი მემარჯვენეების" ფრაქცია უკვე დიდი ხანია ვითხოვთ, რომ საკრებულოს წევრებისთვის გაიზარდოს  ხარჯები სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის, რაც სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრების და მათი პრობლემების მოგვარებისთვის დეპუტატის საქმიანობას ხმარდება. პროპორცია რომ კარგად გავაანალიზოთ, გეტყვით, რომ ეს ხარჯი ხელისუფლების მიერ დანიშნული სოფლის რწმუნებულისთვის 700 ლარია, ხოლო  ხალხის მიერ არჩეული დეპუტატისთვის- 128 ლარი. არ ვიცი სჭირდებათ თუ არა თანხა მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, მაგრამ მე და ჩემს კოლეგებს ფრაქციიდან რაიონის უამრავ სოფელში გვიწევს  ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები, მათთვის კონკრეტული დახმარების გაწევა. საკრებულოს ხელმძღვანელობა და ნაციონალური უმრავლესობა თავს არიდებს ამ საკითხის  განხილვას. გუშინდელ სხდომაზე ამ საკითხის განხილვის დაჟინებით მოთხოვნა იმის მიზეზი გახდა, რომ მე, როგორც საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

ჟურნალისტებთან ერთად ჩემს საკუთარ კაბინეტში არ შემიშვეს"- განაცხადა კახა შავგულიძემ.

მისი თქმით,  ზესტაფონის საკრებულოში ნეობოლშევიზმია დამკვიდრებული  და უმცირესობის უფლებების სრული იგნორირება ხდება მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რადგან მათ უფლება არ აქვთ ფრაქციის მიერ მოთხოვნილი საკითხი დღის წესრიგში არ დააყენონ და ასევე, არავითარი უფლება არ აქვთ ფრაქციის თავმჯდომარე შენობაში არ შეუშვან.

"ბოლოსდაბოლოს ჩემი ბრძოლით მივაღწიე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, მაგრამ,  კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ კოლეგებს უმრავლესობიდან - იმოქმედონ ისე, როგორც მათ საკრებულოს წევრის წოდება ავალდებულებს,  ემსახურონ ხალხის და არა საკუთარ ინტერესებს, იხელმძღვანელონ კანონით და არა თვითნებური გადაწყვეტილებებით" - განაცხადა კახა შავგულიძემ.