გია გაჩეჩილაძე:  ქვეყნის მომავლისთვის დანაშაული იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე თუნდაც ერთი ხმა დაკარგოს

გია გაჩეჩილაძე: ქვეყნის მომავლისთვის დანაშაული იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე თუნდაც ერთი ხმა დაკარგოს

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, „მწვანეთა პარტია“ საპარლამენტო  არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს  და საკუთარ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გაჩეჩილაძის განცხადებით, „მწვანეთა პარტიამ“ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ყველა პროცედურა გაიარა და დარეგისტრდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და ქვეყნის მომავლისთვის დანაშაული იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე თუნდაც ერთი ხმა დაკარგოს.

„რაც უფრო ნაკლები პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მით მეტი შანსი ექნება „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებისა“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გაჩეჩილაძის თქმითვე,  ეს ნაბიჯი ივანიშვილთან შეთანხმებული არ არის და მისთვისაც სიურპრიზი იქნება.

ამასთან, გაჩეჩილაძემ არ უარყო, რომ ივანიშვილთან საარჩევნო ბლოკში გაერთიანების სურვილი ჰქონდა, თუმცა კოალიციის წარმომადგენლებმა ხაზგასმით განაცხადეს, რომ ბლოკი აღარ გაფართოვდებოდა.

„ამის შემდეგ ჩვენ აღარ გვითხოვია და ვეცდებით, უახლოეს პერიოდში ჩვენი ურთიერთობის რეალური კონტურები გაირკვევა. ჩვენ ვეცდებით, რომ "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის სხვა ფორმები გამოვძებნოთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.