როჯერ ბოიესი, ბრიუსელი
2012 წლის 22 აგვისტო
საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს, ქვეყნის ანტიკომუნისტური ვარდების რევოლუციის ერთ-ერთ გმირს, გუშინ მისმა მთავარმა მეტოქემ არჩევნების გამყალბებლის იარლიყი მიაწება, არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე ოპოზიციის რესურსების დაყადაღების მცდელობის გამო.
„სააკაშვილს ისე ეშინია ჩვენი, რომ ყოველ ღონეს ხმარობს ჩვენ ჩასაძირად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თაიმსთან ინტერვიუში.
ბატონმა ივანიშვილმა, მილიარდერმა, რომელიც თავის ქვეყანაში უმდიდრესი კაცია, დააფუძნა კოალიცია “ქართული ოცნება”, რათა ბატონი სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში გამოეწვია. ორი გამოკითხვის შედეგად კოალიცია 9-დან 15 პროცენტი სხვაობით წინ უსწრებს პრეზიდენტის გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას.
პრეზიდენტი, როგორც მისი მეტოქე ამტკიცებს, იყენებს ეროვნული აუდიტის კომისიაში მომსახურე პირებს აქტივისტების დასაკითხად და დასაკავებლად. საქართველოს მთავრობამ ბატონ ივანიშვილს (რომელმაც ქონება მოიპოვა რუსეთის საბანკო სექტორში, ლითონებსა და უძრავ ქონებაში), ქართული ოცნების პარტიასა და პარტიის ათობით შემომწირველს დააკისრა ჯარიმა, რომელიც თითქმის $125 მილიონ დოლარს ((£79 მილიონ ევროს) შეადგენს.
"ის დიქტატორივით იქცევა,“ - განაცხადა ბატონმა ივანიშვილმა. „მას ამ არჩევნების გაყალბება აქვს გადაწყვეტილი.“
მას შემდეგ, რაც ბატონმა ივანიშვილმა გასულ ოქტომბერში განაცხადა, რომ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. საქართველოს ხელისუფლება უარყოფს პარტიის ანგარიშების გაყინვას და აცხადებს, რომ ჯარიმებს საფუძვლად უდევს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მოიპოვა ეროვნული აუდიტის კომისიამ.
სააკაშვილის კამპანიის მონაწილენი შეშფოთებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ მათზე მეტს დახარჯავს და თავის მხარეზე გადაიყვანს ამომრჩეველს, რომელსაც ყელში აქვს ამოსული 2003 წლიდან დაწყებული რეფორმების ნელი ტემპი მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციამ ბატონი სააკაშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში. თუმცა ამ შიშს უფრო ღრმა საფუძველიც აქვს: რადგან „ქართული ოცნება“ წინასწარ ეჭვობს მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, წაგების შემთხვევაში. შესაძლებელია მიმართოს ქუჩის აქციებს.
ეს, თავის მხრივ, გარკვეულ რისკს ბადებს, რომ შესაძლოა რუსეთის მხრიდან რაიმე სახის ინტერვენცია მოხდეს. თითქმის ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი იარაღით შეიჭრა საქართველოში და გაიმარჯვა ხუთდღიან ომში, რომელსაც რუსი ეროვნული უმცირესობის დაცვის სახელით აწარმოებდა.
პრეზიდენტი, რომელიც ხშირად მიუთითებს ბატონი ივანიშვილის რუსეთთან საქმიან ურთიერთობაზე, თვლის, რომ რაღაც მსგავსი შეიძლება განმეორდეს, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხდება.
გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნა განაცხადი, რომელშიც, როგორც მათ აღნიშნეს, შეშფოთება გამოხატეს ეროვნული აუდიტის სამსახურის მიერ ძალაუფლების გადაჭარბების გამო.
"სულ უფრო იზრდება შიში, რომ შედეგი შეიძლება ქაოტური იყოს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა, - „განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ ბატონი პუტინის არაპროგნოზირებად ხასიათს და იმასაც, რომ მას არ უყვარს საქართველოს პრეზიდენტი“.