საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში სტუმრობისას, ადგილობრივ მოსახლეობას მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჯანელიძე წარუდგინა.
პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხდა, რომ ის სამტრედიაში მხოლოდ არჩევნების დროს არ დადის და არ არსებობს სამტრედიაში სოფელი სადაც ნამყოფი არ არის.
„სამტრედიელები ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართ. შემოგვხედოს ნებისმიერმა და დაინახავენ, რომ ძალიან ბევრნი ვართ, ძლიერები ვართ და განსაკუთრებულები ვართ. ვიცი, რომ სამტრედიაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრს უჭირს. ჩვენი დაპირება, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი იქნება დაზღვეული, რა თქმა უნდა შესრულდება. მერაბს იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი ჰყავს მორჩენილი, რამდენიც დღეს აქ ხართ შეკრებილი. ის ძალიან კარგი ექიმი და სამტრედიელია. დღეს ევროიპელი ექიმები ჩამოდიან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რადგან იქ არის ერთი კაცი, მერაბ ჯანელიძე, რომელიც აკეთებს იმას, რასაც ვერ აკეთებენ ვერც ამერიკაში და ვერც ვერსად. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ის დასთანხმდა ჩვენს წინადადებას, რომ წარმოედგინა ჩვენი პარტია სამტრედიაში,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არცერთ დაპირებაში არავინ მოუტყუებია.
„თითოეულ თქვენგანს გაძლევთ სიტყვას, რომ ყველა სამტრედიელის ოჯახში ბუნებრივი გაზი აინთება და უკლებლივ ყველას ექნება პრაქტიკულად უფასოდ შეყვანილი გაზი,“ - აღნიშნა სააკაშვილმა.