პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამშენებლო ნაგავის გატანას, ღობის დემონტაჟს და აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებას კოალიციაში შემავალი პარტიების წინააღმდეგ ჯარიმის აღსრულების გადავადებას ხელისუფლებაზე განხორციელებულ საერთაშორისო ზეწოლას უკავშირებს.
ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მთავრობისთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს ძალიან სერიოზული ზეწოლა იყო, რომელიც მისი თქმით, მომავალში კიდევ უფრო მძიმე ხასიათს მიიღებს.
„სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მათ რამდენიმე ისეთი ქმედება განახორციელეს ამის შემდეგ რომელიც აუცილებლად უკავშირდება ამ ზეწოლას. ეს არის არამხოლოდ გადაწყვეტილების მიღება გაეთავისუფლებინათ ჩვენი ოფისის მიმდებარე ტერიტორია ნაგვისგან და მოეშალათ ის ღობე, რომელიც ამდენი ხანი ხელს გვიშლიდა შენობაში ნორმალურად შემოსვლაში არამედ, ისიც რომ გადავადდა აღსრულება ჩვენს ანგარიშებზე დადებული ყადაღებისა. ეს ვფიქრობ, არის ძალიან კარგი დასაწყისი საერთაშორისო ზეწოლის, რომელიც აუცილებლად გაძლიერდება მომავალ კვირეებში და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო მძიმე ხასიათს მიღებს. საბოლოო ჯამში, ეს არის ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს თანაბარი სათამაშო პირობების შექმნას არჩევნების წინ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.