საქართველოს თავდაცვის სამინისტრო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე www.facebook.com/mod.gov.ge რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის დიზაინზე კონკურსს აცხადებს.
სამინისტროს ინფორმაცით, დიზაინის ავტორმა უნდა გაითვალისწინოს კონკურსის მთავარი მოთხოვნა - მემორიალზე უნდა განთავსდეს დაღუპულ გმირთა სახელები.
საკონკურსო ფოტოების გამოაგზავნა (JPG ფორმატში) შეგიძლიათ 2012 წლის 25 სექტემბრამდე თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე konkursi@mod.gov.ge;
„ფოტოს გამოგზავნისას მიუთითეთ კონკურსის სახელწოდება, კონკურსანტის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. გახსოვდეთ, რომ გამოგზავნილი მასალა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს კონკურსის თემატიკასთან; არათემატური მასალა ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან; პლაგიატის შემთხვევაში ფოტო ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან. ფოტოები განთავსდება სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ფოტოალბომში „მემორიალი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2012 წლის 25 სექტემბერს, 18:00 საათზე გამოვლინდება ის 10 საუკეთესო დიზაინი, რომელიც მომხმარებლის მხრიდან დააგროვებს ყველაზე მეტ Like-ს. ამ 10 საუკეთესო ფოტოს შორის გამარჯვებულ დიზაინს გამოავლენს კომპეტენტური კომისია.
გამარჯვებული დიზაინის ავტორს საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადაეცემა.