საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის – ინდ.მეწარმე „დარეჯან როკეტიშვილის“ წინააღმდეგ ტელეკომპანია „მაესტროს“ საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას აქვეყნებს.
კომისიის ცნობით, „მაესტრო“ ინდმეწარმე „დარეჯან როკეტიშვილს“ ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა, კერძოდ, ბორჯომის საკაბელო ოპერატორს „მაესტრო“ საკუთარ საკაბელო ქსელში დღემდე არ ჰყავდა ჩასმული.
„ტელეკომპანია კომისიასგან რეაგირებას ითხოვდა, რის გამოც კომისიას 21 აგვისტოს მიმართა.კომისაიმ ტელეკომპანია „მაესტროს“ განცხადება 48 საათის განმავლობაში განიხილა. სხდომაზე ორივე მხარე იყო წარმოდგენილი და მათ საშუალება ჰქონდათ საკუთარი არგუმენტები წარმოედგინათ. ბორჯომის საკაბელო კომპანიის დირექტორის, დარეჯან როკეტიშვილის განცხადებით, მისი კომპანიისთვის ტელეკომპანია „მაესტროს“ არ მიუმართავს, არც წერილობით და არც სატელეფონო შეტყობინებით, ჩართვის მოთხოვნით და შესაბამისად არც ჩაურთავს, მიმართა ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ და 2 აგვისტოდან ეს სამაუწყებლო არხი ჩართულია. როკეტიშვილმა დამატებით განაცხადა, რომ იმისთვის, რომ „მაესტრო“ ბორჯომის საკაბელო კომპანიის ქსელში გავრცელდეს კომპანიას მაუწყებლის გავრცელების ტექნიკური პარამეტრები ესაჭიროება. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება კომპანია „მაესტროს“ დირექტორი ილია კიკაბიზე, თუმცა სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და ხვალიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ სიგნალი ბორჯომის საკაბელო კომპანიის ქსელშიც გავრცელდება. კომისიამ ყველა მტკიცებულების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ არ დააკმაყოფილა შპს „სტუდია მაესტროს“ მოთხოვნა, რადგან ი/მ „დარეჯან როკეტიშვილს“ დარღვევა არ დაუდასტურდა“, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გარცელებულ განცხადებაში.
შესაბამისად, კომისიას რჩება შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელობა ცდილობს ხელოვნურად გაართულოს სიტუაცია და შექმნას შთაბეჭდილება თითქოს წინა საარჩევნოდ ე.წ „Must Carry“-ს განხორციელების პროცესი ჭიანურდება.
„ან სამაუწყებლო კომპანიის მიზანს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სანქცირება წარმოადგენს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ე.წ „Must Carry“- ს ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობს“, - ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.