ირაკლი სესიაშვილი: აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილება, სააკაშვილის დემოკრატიული გამონათება, რომ  არაა ამის გარანტიას გაძლევთ

ირაკლი სესიაშვილი: აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილება, სააკაშვილის დემოკრატიული გამონათება, რომ არაა ამის გარანტიას გაძლევთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც,  აღსრულების ბიურომ „ქართული ოცნებაში“ შემავალი პარტიების წინააღმდეგ ჯარიმის აღსრულება გადადო, ხელისუფლების და კონკრეტულად, სააკაშვილის ლოიალური თუ დემოკრატიული გამონათება არაა.

სესიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში,  სადაც პოლიტიკური ტემპერატურა ძალიან მაღალია და დასავლეთი ამ არჩევნებს  გამადიდებელი შუშით უყურებს, ამ ქვეყანაში რეალურ პოლიტიკურ ოპონენტს, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საბანკო ანგარიშები დაყადაღებული აქვს. რაც მისი თქმითვე,  ცხადია,  დემოკრატიულ ჩარჩოებში ვერანაირად ვერ ჩაჯდება და  დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საფუძველი ვერანაირად ვერ იქნება.  

„დრაკონული სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის დღიდანვე შექმნა ხელისუფლებამ, აუდიტის სამსახურის დასამსჯელო მექანიზმები თუ  სხვადასხვა ცვლილებები კანონმდებლობაში, ამ ფაქტების შესახებ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თუ სადამკვირებლო მისიებს ესმით, არ სჯერათ და გაფართოებული თვალებით გვიყურებენ. წარმოიდგინეთ,  როგორც უნდა ვაწარმოოთ ჩვენ საარჩევნო კამპანია, როგორც უნდა განვათავსოთ რეკლამები, როგორც უნდა გადავუხადოთ ჩვენს  აქტივისტებს თუნდაც რაიმე მინიმალური ხელფასი, როდესაც ჩვენი ანგარშები დაყადაღებულია. ანგარშები სწორედ იმიტომ დაგვიყადაღეს,  რომ თითი არ გაგვენძრია.  თბილისში თუ სხვა ქალაქში ბილბორდები სავსეა 5 ნომრით,  მაშინ როდესაც ხელისუფლების რეალურ კონკურენტს, ძლიერ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც აქვს საფუძლიანი პრეტენზია მომავალი მმართველი ძალა იყოს ხელისუფლებაში, აბსოლუტურად არაფერი აქვს. იმ მარტივი მიზეზით,  რომ ხელისუფლება ძალაუფლებას  ბოროტად იყენებს და ადმინისტრაციული რესურსისა თუ სხვადასხვა  ინსტიტუტების  გამოყენებით „ქართულ ოცნებას“ უზღუდავს  საშუალებას  თანაბარ პირობებში იყოს“, - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები წინააღმდეგ ჯარიმის შემდგომი აღსრულება გადადო.  აღსრულების ბიურო სააღსრულებო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად,  თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებას ახორციელებდა, რომლის თანახმადაც,  პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“  შემავალ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“,  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ეროვნული ფორუმი“,  „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და ააიპ „საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება“ ჯარიმის სახით სოლიდარულად 2 859 717 06 ლარის გადახდა დაეკისრათ.

დღეის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კოალიციის ანგარიშების დაყადაღების გარეშე, აღსრულება განახორციელა 122 000 ლარზე, რაც დაკისრებული ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილია.

„მიუხედავად ამისა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით და კრედიტორ - სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.