საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჭიათურაში, სოფელ სვერის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, მან ძალიან კარგად იცის, რომ ბევრი ადამიანისთვის ჯერ არაფერი შეცვლილა, მაგრამ მთლიანობაში ქვეყანა ყველა მაჩვენებლით წინ მიდის და ახლა ამოცანაა, ამ წინსვლამ ყველა ოჯახში შეაღწიოს.
„ვიწრო გზაზე მოვდივართ, წარმოიდგინეთ მთის გზა და მარცხნივაც უფსკრულია და მარჯვნივაც. ამ გზაზე უკან დახევა ან ცოტა მარჯვნივ თუ მარცხნივ გადაცდომა უფსკრულში გადაჩეხვას ნიშნავს. მე ეს არ მინდა ჩემი ქვეყნისთვის. უფსკრულიდან უკან აღარ ამოდიან. ჩვენ გვინდა, რომ კი არ გადავიჩეხოთ არამედ, დანიშნულების ადგილზე ჩავიდეთ, სადაც უკეთესი ცხოვრება გვექნება. დაგავიწყდათ, როგორი კრიმინალი და როგორი კორუფცია იყო?! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ის, რაც ახლა გვაქვს, მოცემულობაა და ხეზე იზრდება, როგორც ტყემალი?! არაფერი არაა მოცემულობა. რეალობა ისაა, რომ ეს ყოველივე ყოველდღიური შრომის, ბრძოლის, უამრავი მტრის გაჩენით მოვიდა. ეს ყველაფერი მოვიდა იმის გამო, რომ დიახაც, ჯიუტები ვიყავით და უკან არცერთი ნაბიჯით არ დაგვეხია“, - განაცხადა სააკაშვილმა.