გოგი ხუციშვილი: პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე სახალხო დიპლომატიას შედეგი ვერ ექნება

გოგი ხუციშვილი: პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე სახალხო დიპლომატიას შედეგი ვერ ექნება

ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოსაგვარებლად სახალხო დიპლომატია არ არის საკმარისი და ამისათვის ისინი პოლიტიკური დიალოგის არსებობის აუცილებლობასაც მიიჩნევენ.  

ამის შესახებ ესპერტმა, გოგი ხუციშვილმა From.ge სთან საუბარში მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტი, რუსეთთან ურთიერთობის სახალხო დიპლომატიის გზით მოგვარებაზე საუბრობს.

ხუციშვილის თქმით, სახალხო დიპლომატია ურთიერთობის აღდგენის მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა მისი მოსაზრებით, უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგია.

„როგორი აქტიურიც არ უნდა იყოს სამოქალაქო დიალოგი, მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ქონდეს შედეგი, თუ პოლიტიკურად იქნება მხარდაჭერილი. თუ ასეთი მხარდაჭერა იარსებებს, სახალხო დიპლომატიას უკვე მართლაც შეეძლება რაღაც შედეგზე გავიდეს. მანამ კი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ აუცილებლობის მიუხედავად არ არის საკმარისი“, - აცხადებს ხუციშვილი.

მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე სერიოზული საერთაშორისო ზეწოლა არსებობს.

ექსპერტის თქმით, ურთიერთობების აღსადგენად დაბრკოლებას ქმნის როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლება. ამ პრობლემის დასაძლევად კი ხუციშვილის განცხადებით, საქართველო-რუსეთის სპეციალური საექსპერტო დიალოგი დაიწყო, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

„არსებობს ძალიან სერიოზული საერთაშორისო ზეწოლა, იმ მიმართულებით, რომ რუსეთთან ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოსაგვარებლად დიალოგი  და მოლაპარაკებები დაიწყოს. აქამდე ეს ვერ ხერხდებოდა, რადგან  დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით  ორმხივი სურვილის ნაკლებობა იყო. ასეთ ვითარებაში მსგავსი დიალოგები მნიშვნელოვანია მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკური მხარდაჭერის ანუ სწორი პოლიტიკის და ხელშეწყობის გარეშე, ცალკე სახალხო დიპლომატიას შედეგი ვერ ექნება და ის იქნება აუსრულებადი“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ხონის რაიონის სოფელი გორდაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი რწმენით, რუსეთთან ურთიერთობა სახალხო დიპლომატიით გზით აღდგება.

საქართველოს ბევრი რუსი ტურისტი ეწვია. ეს ადამიანები უკვე თავისუფალ ქვეყანაში ჩამოდიან. ჩვენ დამპყრობელთან არ გვინდა კავშირი, მაგრამ ხალხთან ურთიერთობის დიდი სურვილი გვაქვს. ჩვენ გვსურს, რომ აღგვიქვამდნენ წარმატებულ ქვეყნად და არა როგორც მათ მიერ დაპყრობილ რაღაც ობიექტს. მჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობას სახალხო დიპლომატიით აღვადგენთ. მან, ვინც ამბობს, რომ საქართველოს გზა უკეთესი ცხოვრებისკენ უთავმოყვარეობაზე გადის, ჩვენი ისტორია არ იცის. თავმოყვარეობით, განვითარებითა და ღირსებით, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევით, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებით მოვიგებთ ყველას, მათ შორის, დამპყრობელი ქვეყნის მოსახლეობის გულს, იმ დამპყრობლის, რომელიც დღეს ამდენ პრობლემას უქმნის საქართველოს და ჩვენი რეგიონების მოსახლეობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.