პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს ნიკოლოზ ლაფერაშვილს სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან.
ამის შესახებ ინფორმაცია faсebook-ზე, კოალიციის კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით ონოფრიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, სადაც მან აღნიშნული ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეაფასა.
„გუშინ დაკავებული ნიკოლოზ ლაფერაშვილი თავისუფალია! მოსამართლე დავით პაპუაშვილმა 400 ლარიანი ჯარიმის შემდეგ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გუშინ საღამოს ნიკოლოზი დააკავეს ღვედის არ გაკეთების გამო და მას უსამართლოდ დასდეს ბრალი სამართალდამცავი ორგანოებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ! ჩვენ ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნას ვუწოდებთ!“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ლაფერაშვილი წუხელ კასპში, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.