"თავისუფალი საქართველო“ მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატს არ წარადგენს და მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ოპოზიციამ დაიწყოს კოორდინაცია ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, რათა ოპოზიციის კანდიდატებს შორის ხმები არ გაიყოს, ამით კი, ხელისუფლება ისარგებლებს.
„გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე ყველა საარჩევნო ოლქში და ვდგამთ პირველ ნაბიჯს - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ ვაყენებთ მაჟორიტარ კანდიდატს და მხარდაჭერას ვუცხადებთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ზაზა პაპუაშვილს. ამასთან, მზად ვართ, რომ ამ საკითხზე შევხვდეთ კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნულთან დაკავშირებით პრაიმერი ან სოციოლოგიური გამოკითხვა ჩავატაროთ“ - განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ცხადყოფს, რომ ის არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება. ასეთ შემთხვევაში კი პარტია მზადაა მოქალაქეების ხმების დასაცავად ქუჩის აქციები და სხვა რადიკალური მეთოდები გამოიყენოს.
კოალიციამ, რომელშიც „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ შედიან დედაქალაქის 5 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. დედაქალაქის საარჩევნო ოლქებში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: ვაკე – კახა კუკავა; კრწანისი – აკაკი ასათიანი; ისანი – გელა კეტაშვილი; სამგორი – ალექსანდრე შალამბერიძე; დიდუბე – დიმიტრი ლორთქიფანიძე.
საბურთალოს, გლდანის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები უახლოეს დღებში დასახლდება.