დღეს დავით გამყრელიძემ ქარელის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დავით ბერუაშვილი სოფელ რუისში წარადგინა.
„რუისი საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი და ტრადიციული სოფელია და სწორედ ამიტომ მისი წარდგენის ადგილად ეს სოფელი საგანგებოდ შევარჩიეთ. „ახალი მემარჯვენეებისთვის“ სოფელი პრიორიტეტულია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოფლის გაძლიერება მოსახლეობისთვის სტაბილური შემოსავლის გაჩენით. თითო სოფელში თითო საწარმოს ამუშავებით ადამიანთა დასაქმებით,“ – აღნიშნა გამყრელიძემ.
„დავითი პროფესიით აგრონომია და სპეციალობით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. კარგად იცნობს სოფელს და სოფლის საჭიროებებს. ამას გარდა, ის მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო სტრუქტურებთან. დარწმუნებული ვარ, დავითი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქარელელთა ღირსეული წარმომადგენელი იქნება,“– განაცხადა დავით გამყრელიძემ.
"შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად რეალობად იქცევა თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს ბიზნესის სტიმულირებას. უნდა ჩაიდოს ინვესტიციები სოფლად წარმოების განვითარებისთვის. შეიძლება ქარელში ხილი ულპებოდეთ და ის ლიმონათის, წვენების, კონცენტრატების წარმოებისთვის არ იქნას გამოყენებული? ყველა სოფელში თითო საწარმო - სავსებით რეალისტური გეგმაა და ჩვენ ამ გეგმის საკანონმდებლო ბაზას მომავალ პარლამენტში აუცილებლად შევქმნით,“ – აღნიშნა ბერუაშვილმა.