„ამომრჩეველთა ლიგამ“ კამპანია“სად ცხოვრობ შენ“ დაიწყო

„ამომრჩეველთა ლიგამ“ კამპანია“სად ცხოვრობ შენ“ დაიწყო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ გამოქვეყნებული სია 2004 წელთან შედარებით, 1 200 000 ამომრჩევლითაა გაზრდილი. ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარემ, კოკა გუნცაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სიების დაზუსტების კომისიისა და ცესკოს სიებთან „ამომრჩეველთა ლიგის“ სიების შედარების შედეგები წარმოადგინა.

გუნცაძის განცხადებით, განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს უცხოეთში მყოფთა დაბალი მაჩვენებელი - 300 ათასი ამომრჩეველი, რაც მისი თქმით, რეალურ მაჩვენებელთან 3.5 – 4 ჯერ ნაკლებია და დაუდგენელ პირთა კატეგორია, რომელიც მათი შემოწმების დეზორიენტაციის მიზნით სხვადასხვა კატეგორიებშია გაბნეული.

გუნცაძის თქმით, ამ ორი კატეგორიის - უცხოეთში წასულების და დაუდგენლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება საზღვარგარეთ წასულების ნაცვლად აპირებს აქ მისცეს ხმა თავისი ზონდერ ჯგუფების მიერ და გააგრძელოს მიწერილი ამომრჩევლის გამოყენების 2008 წელს დაწყებული ბინძური პრაქტიკა.

„ამომრჩეველთა ლიგამ“  „კარდაკარ“ ალტერნატიული აქციის მონაცემები, სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ დადებულ მონაცემებს იმ არეალში შეადარა, სადაც ლიგამ აღნიშნული კამპანია ჩაატარა (თბილისი და ზუგდიდი) და მიიღო შემდეგი სურათი: ჩვენს მიერ აღმოჩენილ 6088 გარდაცვლილიდან ცესკოს მონიშნული აქვს მხოლოდ 2756, სიაში რჩება 3332 გარდაცვლილი; ჩვენს მიერ აღმოჩენილი 111 340 დაუდგენელი პირიდან ცესკოს მონიშნული აქვს მხოლოდ 26 222, სიაში რჩება 85 118 დაუდგენელი; ჩვენს მიერ უცხოეთში გამგზავრებული 43 914 ამომრჩევლიდან ცესკოს მონიშნული აქვს მხოლოდ 24 866 ამომრჩეველი, სიაში რჩება მონიშვნის გარეშე 190 48 უცხოეთში გამგზავრებული ამომრჩეველი; ჯამში 107 498 ამომრჩეველი ერთიან სიაში ფალსიფიცირების საფუძვლად რჩება“, - განაცხადა გუნცაძემ.

შესაბამისად, „ამომრჩეველთა ლიგა“ იწყებს დაუდგენელ პირთა დადგენის კამპანიას „სად ცხოვრობს შენ“ და აღნიშნა, რომ ხვალიდან „კარდაკარ“ მონაცემებსაც საჯაროს  გახდის.