პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დღეს სტუდენტების საინიციატივო ჯგუფმა აქცია ლოზუნგით – „სტუდენტები არ ვიყიდებით“ გამართეს. რითაც სტუდენტთა მოსყიდვის ფაქტები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, 21 აგვისტოს ანაკლიაში სტუდენტური დასაქმების პროგრამა “summer job”–ის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრაზე ახალგაზრდებს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს,რომ სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების იყო არა დასაქმების, არამედ უსაქმურობის პროგრამა, რადგან ამ პროგრამაში მონაწილე სტუდენტების უმრავლესობამ ანაზღაურება სწორედ უსაქმურობაში აიღო.
პროგრამის,Summer job-ის მიზანი წინასაარჩევნოდ ხმების მოზიდვა იყო,რაც ანაკლიში გამართულმა შეხვედრამაც დაადასტურა.
„სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის“წევრთა განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ ამ სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა ისედაც ძირითადად ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილმა სტუდენტებმა მიიღე, ხოლო ისინი, ვინც პროგრამაში შემთხვევით მოხვდა, მაინც გარკვეულწილად ვალდებულად თვლიან თავს ნაციონალური მოძრაობის წინაშე.
სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მოსყიდვის ეს პოლიტიკა ამართლებს, რადგან “summer job”–ის მონაწილე სტუდენტთა დიდი უმრავლესობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ნაციონალურ მოძრაობას მისცემს ხმას.
„სტუდენტები თავად განსაზღვრავენ, რა პოლიტიკური პლატფორმა უნდა ჰქონდეთ. ჩვენ არ გვჭირდება არავის დირექტივა, თუ ვის მივცეთ ხმა", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ტექნიკური უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტმა ალექსანდრე კობაიძემ.
„სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის“ წევრები აცხადებენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აქვთ კავშირი და არც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები არ არიან. მათი თქმით, დღესდღეისობით საქართველოში ეროვნულობით აღსავსე სტუდენტები ცხოვრობენ, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან მოსყიდვის ფაქტებს და არც მმართველ გუნდს დაუჭერენ მხარს.
როგორც ცნობილია,„სტუდენტთა საინიციატივო ჯფუფი“ხვალაც აპირებს აქციის გამართვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რათა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულ პროფესორ-მასწავლებელთა მიმართ თავიანთი მხარდაჭერა გამოხატონ.