ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის კრიტიკულ შეფასებას, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ, მიწოდებულ ინფორმაციას უკავშირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამაში ტრაგიკული არაფერია, მითუმეტეს, რომ ძალიან ბევრი პოზიტივიც ითქვა.
დარჩიაშვილის განცხადებით, როდესაც ამ საარჩევნო მარათონის ერთ-ერთი სუბიექტი ამაზე ჩივის ბუნებრივია, ისინი წუხილს გამოხატავენ.
„მგონია, რომ ჯარიმები სამართლიანადაა გადანაწილებული, მაგრამ აბსოლუტურად არ მიკვირს გარეშე დამკვირვებლების მიერ, გამოხატული წუხილები, როდესაც ამ საარჩევნო მარათონის ერთ-ერთი სუბიექტი ამაზე ჩივის ბუნებრივია, ისინი წუხილს გამოხატავენ, თორე ამ შეფასებებში ბევრი პოზიტივიც ითქვა. როდესაც ადამიანს აქვს შვიდი მილიარდი, როდესაც ადამიანმა მოახერხა მმართველ პარტიაზე სამჯერ მეტი თანხის აკუმილირება თავის პარტიულ ანგარიშზე და ამას ხშირ შემთხვევაში, კანონის დარღვევით აკეთებს, ბუნებრივია ჯარიმები მაღალი იქნება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ აქ არ ცხოვრობ და არ იცი რა საფრთხეებთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული, ამ ნიუანსებში გარკვევა რთულია.
„ბუნებრივია, გარკვეული შენიშვნები გამოითქმებოდა. რაიმე ტრაგიკულს ამაში ვერ ვხედავ მითუმეტეს, ძალიან ბევრი პოზიტივიც ითქვა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, შემაჯამებელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ზრდადი პოლიტიკური პოლარიზაცია დააფიქსირეს.
„განსაკუთრებით გვაწუხებს რამდენიმე სამართალდამცავი ინსტიტუტის მოქმედება. ჩვენი აზრით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფართოდ იყენებს თვითნებურ ძალაუფლებას პარტიის თუ ინდივიდუალური ხარჯვის კანონიერების დასადგენად და იღებს საეჭვო გადაწყვეტილებებს და მკაცრ ჯარიმებს აკისრებს ნათელი ან გამჭვირვალე ინსტრუქციების გარეშე. ჯარიმები არის არაპროპორციული და აშკარად შერჩევით არის გამოყენებული - ძირითადად ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ“, - აცხადებს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ტონინო პიცულა.
მისივე განცხადებით, დელეგაცია ხედავს პრობლემებს – შეიძლება, ეს იყოს არაობიექტურობა სამართალდამცავი ინსტიტუტების მოქმედებებში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი კი, საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებს ხედავს: „ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია მტრების განადგურების მცდელობა და არა - პროგრამების წარდგენა“.