ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის თბილისში წარმომადგენლობა გახსნა. ამის შესახებ ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.,
განცხადების თანახმად, მისია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით გაიხსნა.
განცხადების თანახმად წარმომადგენლობა, რომელსაც ნიკოლაი ვულჩანოვი ხელმძღვანელობს, საქართველოში მყოფ 15 საერთაშორისო ექსპერტს და 28 გრძელვადიან დამკვირვებელს აერთიანებს, რათა მათ მთელი ქვეყანა მოიცვან.
გარდა ამისა, ODIHR-ს არჩევნებზე 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი ეყოლება, რომლებიც კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დამკვირვებლები არჩევნებს რამდენიმე პრინციპის გათვალისწინებით შეაფასებენ – რამდენად შეესაბამება არჩევნები დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებს, ეუთო-ს ეგიდით ნაკისრ მოვალეობებსა და ეროვნულ კანონმდებლობას.
„მონიტორები დააკვირდებიან საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და მის გაშუქებას მასმედიაში, საკანონმდებლო ჩარჩოებს და მის განხორციელებას, საარჩევნო ადმინისტრაციის და სახელისუფლებო ორგანოების საქმიანობას, ასევე საარჩევნო დებატების უფლების განხორციელებას. დაკვირვების პროცესში მისია შეხვდება კომპეტენტურ ორგანოებს, კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებს, სასამართლო ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მოკლევადიანი დამკვირვებლები, რომლებიც პირველი ოქტომბრისთვის ჩამოვლენ, ორ ჯგუფად გაიყოფიან და მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდებიან საარჩევნო უბნების გახსნას, კენჭისყრას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და შედეგების გამოქვეყნების პროცესებს.
შემაჯამებელ ანგარიშს კი ODIHR-ი საარჩევნო პროცესების დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში გამოაქვეყნებს.