ტონინო პიცულა: ეუთო სასამართლოსგან სხვადასხვა საქმეებში ნეიტრალურ ჩარევას მოითხოვს

ტონინო პიცულა: ეუთო სასამართლოსგან სხვადასხვა საქმეებში ნეიტრალურ ჩარევას მოითხოვს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ტონინო პიცულა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლო არაობიექტურობაზე საუბრობს. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ ინსტიტუციებში, საერთაშორისო ორგანიზციების რეკომენდაციების მიხედვით, გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება. 

„მივესალმებით პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს საარჩევნო სისტემაში, მაგრამ არ გვინდა ბრმები ვიყოთ და არ დავინახოთ პრობლემები ამ ქვეყანაში. ჩვენ პრობლემები თითქმის ყველა თანამოსაუბრესთან განვიხილეთ. ვხედავთ რამდენიმე პრობლემას - შეიძლება ეს იყოს არაობიექტურობა, სამართალდამცავი ინსტიტუტების მოქმედებებში, ძირითადად ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ამ ინსტიტუტების მოქმედებები განვიხილეთ ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან და გავაფრთხილეთ, რომ ისინი მოქმედებენ "არანათელი" ინსტრუქციებით“ , - განაცხადა მან.

გარდა ამისა პიცულა მათი შეშფოთების მეორე საკითხზეც საუბრობს, რაც სასამართლო სისტემას ეხება. მისი თქმით, ეუთო მისგან ნათელი და ნაკლებად არაობიექტური ინსტრუქციებით მოქმედებასა და სხვადასხვა საქმეებში ნეიტრალურ ჩარევას მოითხოვს.

„საკმაო დროა ამ პრობლემების გასასწორებლად. რასაც ვხედავთ, არის საზოგადოების დიდი პოლარიზაცია. შეიძლება ვცდები, მაგრამ პოლიტიკური მეტოქეები, თანამდებობის პირები და ოპოზიცია, როგორც ჩანს, საერთო ფასეულობებს არ იზიარებენ. ჩვენ გვინდა ვიხილოთ არჩევნები, როგორც დემოკრატიის ზეიმი საქართველოში", - განაცხადა ტონინო პიცულამ.

მისი თქმით, დელეგაციას სურდა ყველას აზრის მოსმენა, პრეზიდენტიდან დაწყებული, ოპოზიციის ლიდერებით, მედიის წარმომადგენლების, არასამთავრობოებით და პარლამენტის წევრებით დასრულებული.

„გვსურდა, გაგვეგო, როგორ აფასებენ მდგომარეობას საქართველოში და რა მოლოდინები აქვთ მათ. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ განვახორციელოთ კარგად ცნობილი "ნოუ ჰაუ", რომელიც განვითარდა საპარლამენტო ასამბლეაში – "ნოუ ჰაუ", თუ როგორ შეფასდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. მქონდა პრივილეგია და პატივი, გამეკეთებინა ეს ბევრ ქვეყანაში საქართველომდე. ჩვენ ვაანალიზებთ მედიის მდგომარეობას, მთავრობასა და არასამთავრობოებს შორის, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობებს", - აღნიშნა ტონინო პიცულამ.