„თავისუფალმა საქართველომ“, ტრადიციონალისტთა კავშირმა და „თეთრებმა“ დედაქალაქის საარჩევნო ოლქების საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
დედაქალაქის საარჩევნო ოლქებში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: ვაკე – კახა კუკავა; კრწანისი – აკაკი ასათიანი; ისანი – გელა კეტაშვილი; სამგორი – ალექსანდრე შალამბერიძე; დიდუბე – დიმიტრი ლორთქიფანიძე.
საბურთალოს, გლდანის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები უახლოეს დღებში დასახლდება.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ოპოზიციის რაიმე ფორმით კოორდინაცია და თუნდაც ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება, იმისათვის, რომ არ მოხდეს ოპოზიციის კანდიდატებს შორის ხმების გაყოფა, რითიც სარგებლობს მხოლოდ ხელისუფლება. იმავდროულად გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე ყველა საარჩევნო ოლქში და ვდგამთ პირველ ნაბიჯს - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ ვაყენებთ მაჟორიტარობის კანდიდატს და მხარდაჭერას ვუცხადებთ ზაზა პაპუაშვილს („ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს). გამოვთქვამთ მზადყოფნას ნებისმიერ დროს, აღნიშნულ საკითხზე, შევხვდეთ „ქართული ოცნების“ ლიდერს, ჩავატაროთ პრაიმერი ან სოციოლოგიური გამოკითხვა, აცხადებენ კუკავას პარტიაში.
მათივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ცხადყოფს, რომ სააკაშვილის რეჟიმი არ აპირებს ოპოზიციასთან რაიმე თემაზე კონსესუსს და ემზადება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის.
„თავისუფალი საქართველო“ თვლის, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს ძალა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ხმებს ქუჩის აქციებით და სხვა რადიკალური მეთოდებით დაიცავს და არანაირ კომპრომისზე არ წავა რეჟიმთან.