კნუტ ვოლებეკი ლეონიდ თიბილოვისგან ქართულ სოფლებთან დაკავშირებულ განზრახვებზე კონკრეტულ განმარტებას ითხოვს

კნუტ ვოლებეკი ლეონიდ თიბილოვისგან ქართულ სოფლებთან დაკავშირებულ განზრახვებზე კონკრეტულ განმარტებას ითხოვს

ეუთო-ს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, ცხინვალთან ახლო მდებარე ქართულ სოფლებში საცხოვრებელი სახლების დანგრევის შესახებ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.

„ასეთი გეგმები, შესრულების შემთხვევაში, იმ ეთნიკურად ქართული სოფლების მცირე ნაწილსაც გაანადგურებს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემორჩა. სახლები, რომლებიც ამ სოფლებში დგას, სოფლის მცხოვრებლებს ეკუთვნით და არ უნდა დაინგრეს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება აქვთ და მათ საკუთრებას პატივი უნდა სცენ“, - აცხადენს ვოლებეკი.

უმაღლესი კომისარი დე ფაქტო მთავრობისგან ქართულ სოფლებთან დაკავშირებულ განზრახვებზე კონკრეტულ განმარტებას ითხოვს.  „მივმართავ თხოვნით რეგიონის ფაქტობრივ მმართველობას და კომპეტენტურ ორგანოებს, პატივი სცენ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებას და შეასრულონ საერთაშორისო სამართლით დაკისრებული მოვალეობები. განცხადება ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების სრულად დანგრევის განზრახვაზე ამ ძალიან არამდგრად რაიონში, პროვოკაციულია და თუ ის შესრულდება, აღმოჩნდება, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველები აღარ დარჩებიან. გარდა ამისა, ეს პოტენციური დანაშაული ხელს შეუშლის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში“,-აცხადებს  უთო-ს უმაღლესი კომისარი.

უმაღლესი კომისარი დიდი ხნის განმავლობაში შეშფოთებული იყო იმ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობით, რომელიც ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე საკუთარ სახლებში ძალიან ცოტა ეთნიკური ქართველი დაბრუნდა, რადგან უსაფრთხოების მხრივ ვითარება რთულია.

კნუტ ვოლებეკი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ეწვევა ცხინვალს, რათა იქ არსებულ ვითარებას გაეცნოს და შექმნილი მდგომარეობა რეგიონის დე ფაქტო ლიდერებთან განიხილოს.

კნუტ ვოლებეკის განცხადება ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.