საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ხატია დეკანოიძის დადგენილების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 17 სექტემბერს განახლდება.
როგორც დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა განაცხადა, დადგენილების თანახმად, სწავლის პროცესი ტრადიციულად, 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რადგან არასამუშაო დღეები დაემთხვა გადაწყდა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი 17 სექტემბრიდან აღდგება.
სკოლებში ახალი სასწავლო წლისათვის მზადება მიმდინარეობს და ყველა სკოლა ტრადიციულად, 17 სექტემბერს სასწავლო პროცესს შეფერხების გარეშე განაახლებს. სარეაბილიტაციო სამუშაო წელს 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოცილური პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას. წელს 140 ათასი მოსწავლე, 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. სახელმძღვანელოები გადაეცემათ:
სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს (70001-ზე ნაკლები ქულით); იმ ოჯახების მოსწავლეებს, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში;
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები. სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე ერთ მილიონამდე წიგნი გაიცემა და ეს სახელმძღვანელოები მათ 17 სექტემბერს სკოლაში დახვდებათ.
წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. ამ ობიექტებზე სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ. დაახლოებით 1 სექტემბრისთვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება ამ სკოლების ჩამონათვალი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მოსწავლეებს წელსაც შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონულად გამოიწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები.
ამ სერვისით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია. გამოწერილ სახელმძღვანელოებს თბილისში მოსახლეობა გამოწერიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 სათის განმავლობაში მიიღებს.
გარდა ამისა, 17 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში დახვდება ნეტბუქი „ბუკი“.