"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასაარჩევნოდ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გეგმებით დაინტერესდა. ამის შესახებ მან დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სტუმრებს შეხვედრაზე განუმარტეს, რომ მაუწყებელს ერთის მხრივ კანონი მაუწყებლობის შესახებ საკმაოდ მკაცრ რეგულაციებს უწესებს. "საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას გავაცანით ჩვენი გეგმები, აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ საკანონმდებლო ჩარჩოში, ასევე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რის განხორციელებასაც ვაპირებთ "პირველ არხზე" და "მეორე არხზე", - აღნიშნა ლევან გახელაძემ.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში ისინი "პირველ არხზე" ყოველდღე 8 საათიან მთავარ გამოშვებაში პოლიტიკურ სუბიექტებს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას აძლევენ. გახელააძე აცხაადებს, რომ გარდა ამისა, წინასაარჩევნო დებატებიც იგეგმება.
მისივე განმარტებით, სტუმრების მხრიდან რამდენიმე ტექნიკური ხასიათის შეკითხვაც დაისვა, კერძოდ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაფინანსების წესთან დაკავშირებით.
„საერთო ჯამში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩვენგან მიწოდებული ინფორმაციით კმაყოფილი დარჩა“, - დასძინა მან.
შეხვედრაზე ლევან გახელაძესთან ერთად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი გია ჭანტურიაც იმყოფებოდა.
ამ წუთებში კი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალურ დირექტორ კახა ბექაურს ხვდებიან.